გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მაცხოვრებლებს ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები გააცნეს.
ადგილობრივებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" კომპონენტის კოორდინატორი ილია თამარაშვილი შეხვდნენ.
როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით“ ისარგებლებს ყველა ის პირი, რომელთა მიწის ნაკვეთიც წყალუზრუნველყოფილია „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით.
„პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის ხარჯების 40%-მდე თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ჯამური დაფინანსება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფერმერები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები დამატებით პროცენტულ თანადაფინანსებას მიიღებენ.
პროექტის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა, შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრო მეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა“, - აღნიშნეს შეხვედრაზე.
ცნობისთვის, „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ სახელმწიფოს სახსრებით და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ შემადგენელი ნაწილია.
აღნიშნულ პროგრამაში განაცხადების მიღება დღეს 12:00 საათზე დაიწყო.