ხაშურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება. დავით კაკიაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლაში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და განაცხადა, რომ მაღალი ტემპით მიმდინარეობს სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი.
„სკოლას დაემატა ახალი ფლიგელი და დასკვნით ფაზაშია ყველა ინფრასტრუქტურული, საინჟინრო-ტექნიკური, წყალმომარაგება-წყალარინების და ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოები“, - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის მიხედვით მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები, ჩატარდება ენერგოეფექტურობის საჭირო სამუშაოებიც. დასრულდა, ასევე, სახურავის და კედლების დათბუნება, რაც უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას.
„აღსანიშნავია, რომ დავით კაკიაშვილის სახელობის საჯარო სკოლა 1927 წელს, ხოლო მისი ერთი ფლიგელი 1970 წელს აშენდა, მას შემდეგ სკოლას რეაბილიტაცია არ ჩატარებია, შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა გადაუდებელ რეაბილიტაციას. №2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 37 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული“, - აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სკოლის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.