სპორტი
10.10.2024 15:11
ბოლდერინგში ცოცვის ფესტივალს ნიქოზი უმასპინძლებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ბოლდერინგში გაიმართება.

სპორტული აქტივობა 20 ოქტომებრს 12:00 საათზე დაიწყება და მეკლდეურთა კლუბის საცოც დარბაზში ჩატარდება.

ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ინფორმაციით, ფესტივალში 2010 წელს და უფროს ასაკში დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.

„მონაწილეებს დახვდებათ 18 სხვადასხვა სირთულის ბილიკი. სპორტსმენებს თითოეულ ბილიკზე 6 ცდის უფლება ექნებათ. გამარჯვებულები გავლილი ბილიკების რაოდენობის და დაგროვებული ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდებიან“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი.

კვირის ამბები