საზოგადოება
17.03.2020 14:34
მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ - კარანტინში მყოფის ღია წერილი საზოგადოებას

,,საქართველოში დაბრუნებისკენ მოვუწოდებ იმათ, ვინც გაუგებრობაში აღმოჩნდნენ მოგზაურობის დროს და უკან დაბრუნებისაც ეშიანიათ, ან ბრუნდებიან და თავს არიდებენ კარანტინს, ასეთი ძალიან ბევრია”, - უცხოეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ბიზნესმენი, ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,მესხური ბრენდის“ დამფუძნებელი  გიორგი ნათენაძე, რომელიც აეროპორტიდან ბათუმში, სასტუმრო ,,სპუტნკში“ მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მოხვდა, კარანტინში დღიურებს წერს და სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

GMnews-ი გთავაზობთ გიორგი ნათენაძის დღიურების ორი დღის ჩანაწერებს.

,,არ მინდა თავი მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით, მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ, რომ ვწერდი კარგი პირობებიაო. მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდით. კარანტინში და საქართველოში საშიში არაფერია.
არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.
მე, პირადად, ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. სასტუმრო ,,სპუტნიკი“, დაგუგლეთ და ნახავთ, მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კი არა, დასვენებისთვის წარმოუდგენელია 
- დღეში სამჯერადი კვება;
- სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები;
- ტელევიზორი და ინტერნეტი;
- ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში; 

მართალია, გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე  წესით. თუ სამუშაო გაქვთ, მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.
შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6 მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე 
თუ რამე გაკლიათ, უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ 

კარებზე რომ მოგიკაკუნებენ, ესე იგი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს, ან სიცხეს გიკონტროლებს.

ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ განწყობაა მთავარი და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ - თუ რატომ ხართ კარანტინში, ამით იცავთ პირველ რიგში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.

ისტორია: კარანტინში რომ გაგვიშვეს, 1 თვითფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა, ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული - მე იცი ვინავარო, ,,ბიზმესმენი" ვარო სიმონო, ხოდა, სიგარეტი უნდა მოვწიო არ მაინტერესებსო. ,,ვაბშე“ აქ რამინდაო, ცხოველები ხო არ ვართო რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს ,,ბიზმესმენი".

საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ თუ არ მოგწონთ.
სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით.
თუ გაქცევას დააპირებთ, იქვე, ეზოში გელოდებათ პატრული და 3 წლიანი პატიმრობაში მიგაცილებენ. 

კიდევ, დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და მადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით. 

საქართველოში დაბრუნებისკენ მოვუწოდებ იმათ, ვინც გაუგებრობაში აღმოჩნდნენ მოგზაურობის დროს და უკან დაბრუნებისაც ეშიანიათ. ან ბრუნდებიან და თავს არიდებენ კარანტინს. ასეთი ძალიან ბევრია. ხალხს კვების თანხაც აღარ დარჩათ, რეისები გაუქმნდა და დიდ გაუგებრობებში აღმოჩნდნენ. ჩამოდით ვინც დროებით იყავით გასული. დაიცავით ყველა წესი.
ვინც დაბრუნდება, აუცილებელი არაა კარანტინში სასტუმროში იყოს. თუ სახლში თვითიზოლაციის პირობები გაქვთ, მოითხოვეთ, შეამოწმებენ და გადაგიყვანენ. მე, პირადად, ამას ვერ გავრისკავდი. აეროპორტშივე შეგიძლიათ მოითხოვოთ თვითიზოლაცია. ასევე, სასტუმროში დაგხვდებათ სპეციალური ფორმა და შეგიძლიათ შეავსოთ.
კიდევ ვამბობ, რაც საქართველოში ხდება, ასეთი პირობები არა მგონია სადმე იყოს.
ერთსაც გეტყვით - ჩემი ღვინო ჩამომივიდა, ხოდა სხვა აღარაფერი მაკლია, ამაზე კარგი რა უნდა დავლიო. გაგიმარჯოთ მესხური ღვინით..
დროებით... ყველაფერი კარგად იქნება”, - წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გიორგი ნათენაძე და საკარანტინო სივრცეში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

აქვე გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის იანვარში, ცნობილი გახდა, რომ „ნათენაძის მესხური“„ფორბსმა“ 2020 წლის ექვს საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა.

GMnews-ი გთავაზობთ გიორგი ნათენაძის მიერ კარანტინში გადაღებულ ფოტოებს.

 

კვირის ამბები