ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის №1 საჯარო სკოლა სასკოლო კონკურსის - „ნიკო კეცხოველის პრემია 2024“-ის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კონკურსი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში სკოლების ეკოკლუბები მონაწილეობენ. 2023-2024 წლის საკონკურსო თემა კი - „იმოქმედე კლიმატისთვის“ იყო.
„ეკოკლუბები თავიანთ აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად გეგმავენ და ახორცილებენ. სწორედ ამგვარად, თითოეულ ეკოკლუბელს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შერჩეული მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში.
ნიკო კეცხოველის პრემია - სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია. კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენის და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ არის სკოლებისთვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღების და გაზიარების, პიროვნული ზრდის და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
რაც შეეხება კონკურსის მესამეადგილოსანი, გორის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „კეცხოველისანნი“-ს ხელმძღვანელებს - მარინა მაკრახიძე და მაია ქურდაძე, ხოლო წევრები ქეთი კახნიაშვილი, გიგა ესეკიძე, თაკო ტატალაშვილი, იოსებ ახობაძე, მარიამ გამდლიშვილი, ლუკა გიგუაშვილი, დეა ბუჩუკური, ანიტა მურადაშვილი და გიგი მაზმანიანი არიან.
შეგახსენებთ, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის – მწვანე კავკასია – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.