გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, გორში მოქმედმა რამდენიმე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბოლო ექვსი თვის ანგარიში წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ანგარიშის წარდგენისას განსაკუთრებული აქცენტი პროექტებზე - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“, „მედიათეკა ოქონა“ და „ციფრული ინტელექტი 2024“ გაკეთდა, რომლებშიც, ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 500-ზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.
ანგარიშის შემდეგ, ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ და „მედიათეკა ოქონას“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პროექტების მიზანი ახალგაზრდების გააქტიურება და კულტურულ, შემეცნებით პროცესებში ჩართვაა. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო თეატრალური პერფორმანსები, რომლებიც ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ მონაწილეებმა პოლონეთშიც გაიტანეს. ფესტივალი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საგრანტო კონკურსის - „საჯარო დიპლომატია 2024“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.