ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება ხვალ, 11 ოქტომბრის 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანია წყლით უზრუნველყოფილ არეალებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი გარემოს შექმნა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გზით.
„თუ გაქვთ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთი და ხართ დაინტერესებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება.
პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება ჯამურად განისაზღვრება არაუმეტეს 30,000 ლარით.
რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამის ამოცანას, სოფლად ეფექტური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა, ნიადაგის ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა, ასევე იმ პროცესების მართვის გაუმჯობესება წარმოადგენს, რომელზეც მათი საქმიანობაა დამოკიდებული“, - აცხადებენ სააგენტოში.