ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გორის დღე - 2024“ 13 ოქტომბერს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული ერისთავის თეატრის მიმდებარედ გაიმართება და სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობას თუ აქტივობას მოიცავს.
ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება და მოეწყობა მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები და სოფლების კუთხეები (ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება), საბავშვო გასართობი სივრცეები (სახის მოხატვა), ატრაქციონები, სპორტული აქტივობები და ტურისტული კუთხე „ჯიპ - ტური“.
„გორის დღე - 2024“ ოფიციალურად 15:00 საათზე გაიხსნება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ასევე, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით (13:00 - 17:30 საათი).
სახალხო დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს: 18:00 საათზე მაყურებლის წინაშე წარსდგება ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“, 20:00 საათიდან კი მუსიკალური ჯგუფი „ურსა“.