მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ელი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის გადაყვანებს. შესაბამისად, აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიაგამოცემა „ბიზნესპრესნიუსი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცვლილება შეეხება, ასევე, 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას.
„საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და, ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.