საზოგადოება
09.10.2024 13:40
გორში მაპინგ ფესტივალი - „DigiTales“ ჩატარდება

გორის ხელოვნების სახლი, „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ ორგანიზებით, პირველ ვიდეო მაპინგ ფესტივალს - „DigiTales“ უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი 11 ოქტომბერს, 15:00 საათიდან დაიწყება და ფესტივალის მიზანია, გორი გადაიქცეს ექსპერიმენტული ვიდეოხელოვნების სივრცედ, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის ურბანულ, არქიტექტურულ, ტექნოლოგიურ და კულტურულ განვითარებას.

„ვიდეო მაპინგი, იგივე ვიდეო პროექცია ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებაა. ტრადიციული პროექციისგან განსხვავებით, ვიდეო მაპინგი ადაპტირდება საგნების ფორმებთან და დეტალებთან, როგორიცაა შენობები, სკულპტურები ან შიდა სივრცეები, რის შედეგადაც იქმნება მოძრაობის, სიღრმის და ტრანსფორმაციის ილუზია.

ფესტივალის ფარგლებში, „ლომჭაბუკის“ სკვერში, დაგხვდებათ გემრიელობების ჯიხურები, პლედები, ცხელი და ცივი სასმელები. დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

რაც შეეხება ღონისძიების პროგრამას, 11 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება ექსპერიმენტული მუსიკის ვორქშოპი (Tete Noise);

17:30 საათზე - პანელური დისკუსია: „ქალაქი, როგორც ურბანული ტილო: სად იკვეთება ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საზღვრები“ (სალომე ვეფხვაძე, ნუცა ლომსაძე);

19:00 საათზე - ვიდეო მაპინგის ჩვენებები (აუდიო/ვიდეო ინსტალაციები);

21:00 საათიდან კი მუსიკოსი (GABUNIA) დაუკრავს ელექტრონულ მუსიკას და მოეწყობა დისკოთეკა.

ცნობისთვის, „ვიდეო მაპინგის ფესტივალი“ ხორციელდება პროექტის „შემოქმედებითი კომპასი“ საგრანტო კომპონენტის „შემოქმედებითი კავშირები“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს რეგიონების შემოქმედებით სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის გაცვლას და თანამშრომლობითი კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. პროექტი „შემოქმედებითი კომპასი“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები