საზოგადოება
09.10.2024 11:30
შეხვედრა სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან

არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე, ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ისაუბრა, ასევე, ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიზნით უკვე განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციის და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეთნიკურ უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.

ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა არჩევნებში თანაბარი მონაწილეობის შესახებ. მან, ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, მათი ინფორმირების, ტრენინგების, სწავლების ცენტრთან ერთად ადმინისტრირებული სერტიფიცირების პროცესის შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდა.

შეხვედრის დასასრულს საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა,

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ახალი საინფორმაციო ბროშურები, ასევე, მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ნათარგმნი“, - აღნიშულია ინფორმაციაში რომელსაც ცესკო ავრცელებს.

კვირის ამბები