სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 9000 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე ჩაბარებულია.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში იბარებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
„მიმდინარე წლის სექტემბერიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 9 000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბია გახსნილი. გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი საბრუნავი საშუალებებისთვის ამოქმედდა.