საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ „თბილისობის“ დღესასწაულში საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, მათ შორის შიდა ქართლიც მონაწილეობდა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ამა თუ იმ რეგიონის წარმომადგენლების მიერ გამართული თეატრალური ნომრები, გაცნობოდნენ ადგილობრივი სამზარეულოს, ღვინის კუთხეებს და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასებს, ასევე, სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრებას, ოჯახური რიტუალებს თუ ტრადიციებს, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენებს და სხვა.
რაც შეეხება შიდა ქართლს, დამთვალიერებლის წინაშე ეთნოგრაფიული პერფორმანსით, მრავალფეროვანი გამოფენებით, რეწვის მასტერკლასებით (მათ შორის მეთუნეობის და თონეში ქართლური ნაზუქის ცხობის) ეთნო სამზარეულოთი და ღვინის კუთხით იყო წარდგენილი.
გარდა ამისა, მოეწყო საჭიდაო მოედანი, სადაც სპორტსმენები დაინტერესებულ სტუმრებს ჭიდაობის ტექნიკებს აცნობდნენ.
მუზეუმში გამართულ ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია დაესწრო.
სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ შიდა ქართლის კუთხეში, სტუმრებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელმა ქეთევან ციმაკურიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად გოგუაძემ უმასპინძლეს და რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და ადგილობრივი ღვინო გააცნეს.