განსხვავებული ბრენდების სიგარეტებს ერთნაირი ფერის შეფუთვა ექნებათ, - რეგულაცია უკვე შევიდა ძალაში. სიგარეტების კოლოფები ჟანგისფერი იქნება, თუმცა, ბრენდები კოლოფების ფორმას არსებული სახით დატოვებენ. ახალ შეფუთვაზე განთავსდება წარწერები ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაც მწეველებს ბრენდის გარჩევის საშუალებას მისცემს. ახალი რეგულაცია უკვე ამოქმედდა, თუმცა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს არსებული პროდუქციის ამოსაყიდად ვადა 1-ელ მარტამდე აქვთ.
როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, სადა შეფუთვით სიგარეტი ბავშვების და ახალგაზრდების ნაკლებ ინტერესს გამოიწვევს. გიორგი ბახტურიძე იმედოვნებს, რომ მწეველების ნაწილი შეამცირებს ან უარს იტყვის მოწევაზე.
„სიგარეტის კოლოფი როგორც დიზაინით, ასევე, შეფერილობით მარკეტინგულად გამიზნულია კონკრეტულ სეგმენტებზე. მაგალითად, ყვავილებით და სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული დიზაინის ძირითადი სეგმენტი ქალები არიან. წვრილი სიგარეტი უფრო პატარა კოლოფით იყიდება, უფრო ჩატეხილი კუთხეები აქვს, რაც გარკვეულ მიმზიდველობას ქმნის. სამწუხაროდ, წვრილი სიგარეტები ასეთი ჩატეხილკუთხეებიანი კოლოფით გაიყიდება ისევ. თუმცა ფერი შეიცვლება. თამბაქოს ინდუსტრიამ მაქსიმალურად შეასუსტა ეს რეგულაცია. კოლოფები დარჩება არსებულ დიზაინში და ფერი იქნება ერთფეროვანი. ვფიქრობთ, სიგარეტზე მასობრივად უარს არ იტყვიან, თუმცა, სადა შეფუთვის გამო მოწევაზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა, რომ თქვას უარი, დიდი შედეგი იქნება“, - განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ.