გორის თეატრი 180-ე საიუბილეო თეატრალურ სეზონს ხვალ, 5 ოქტომბერს გახსნის.
როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი შემოქმედებითი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საგანგებოდ ემზადებიან.
„ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის სასიამოვნო სიახლით ვბრუნდებით. სეზონის გახსნასთან ერთად, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 5-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით, გ.ერისთავის სახელობის თეატრში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ჩვენი თეატრი თბილისის სხვადასხვა თეატრს უმასპინძლებს. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის თეატრში.
რაც შეეხება ფესტივალის ფარგლებში გასამართ სპექტაკლებს, ფესტივალს გორის თეატრი ამელი ნოტომის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „მტრის კოსმეტიკა“ (რეჟისორი თათა პოპიაშვილი) გახსნის.
6 ოქტომბერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სასცენო ხელოვნების მოყვარულებს წარმოდგენებს: „ყველაფერი ნამდვილი იყო“ და„უხერხემლო“-ს შესთავაზებს.
7 ოქტომბერს რუსთაველის თეატრი გეგმავს „მიჯაჭვული პრომეთეს“ ჩვენებას.
8 ოქტომბერს „უცნაური მისის სევიჯის“ ითამაშებენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები.
9 ოქტომბერს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონოს“ წარადგენს.
10 ოქტომბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „სათაგურს“ და „ჟიჟიკობა ღამეს“ ითამაშებენ.
11 ოქტომბერს კი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი დიდ სცენაზე „მეტამორფოზებს“ დადგამს.
ფესტივალს, 12 ოქტომბერს მასპინძელი გორის თეატრი სპეტაკლით - „ესკორიალი“ დახურავს.
ფესტივალის ფარგლებში გასამართი სპექტაკლების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გორის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება ბილეთების დაჯავშნა-შეძენას, შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე, ონლაინ, საიტზე: www. biltebi. ge.