გორის მეთორმეტე საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის განხორციელების შედეგად, 750 მოსწავლე სწავლას ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 5 100 000 ლარზე მეტია. რეაბილიტაციის შემდგომ სააგენტო, ასევე, უზრუნველყოფს სკოლის შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით აღჭურვასაც.
„სწავლაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარეობს. გორის მეთორმეტე საჯარო სკოლის შენობა 750 მოსწავლეზეა გათვლილი. საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები იფუნქციონირებს. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.