საზოგადოება
17.03.2020 11:48
ჯანდაცვის სამინისტრო - სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება - ყალბია
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება. „მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კვირის ამბები