საზოგადოება
02.10.2024 21:17
გორში სამოქალაქო მოძრაობა ,,ერთობა მშვიდობისთვის“ დაფუძნდა

გორში სამოქალაქო მოძრაობა ,,ერთობა მშვიდობისთვის" დაფუძნდა. პირველი შეკრება გორის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში გაიმართა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, მოძრაობის მიზანია, საღი აზრით დაუპირისპირდეს იმ არაჯანსაღ ძალებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ისეთ ეროვნულ ფასეულობებს, როგორიცაა საქართველოს კულტურა, ოჯახი და სარწმუნოება. 

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ცნობილმა სპორტსმენმა გიორგი კანდელაკმა შეკრებილებს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. 

,,მეგობრებმა დავაფუძნეთ სამოქალაქო მოძრაობა, ეს იყო, დაახლოებით, სამი ათეული მეგობრის ინიციატივა, ძირითადი მიზანი კი გახლავთ - მხარი დავუჭიროთ მშვიდობას, საღ აზრს. ფაქტი ერთია - ერთადერთი, ვინც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ღირსების დაცვა, არის ,,ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, ივანიშვილი, რომელმა ქვეყნის მომავლის და კეთილდღეობისთვის საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და შვილები. დღეს დავიწყეთ სამოქალაქო მოძრაობა ,,ერთობა მშვიდობისთვის“, რომ მივიდეთ თითოეულ ოჯახთან, თითოეულ მოქალაქესთან და მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის, მოვუწოდოთ, გვერდით დავუდგეთ ,,ქართულ ოცნებას", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

სამოქალაქო მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა შეკრებაზე ,,ქართული ოცნების“ დელეგატები და პარტიის წარმომადგენლებიც მიიწვია, რომელთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ასევე ოლიმპიური ჩემპიონი და მმართველი გუნდის საარჩევნო სიის მე-10 ნომერი გენო პეტრიაშვილიც იყო.

,,ძალიან მძიმე კადრები ვიხილეთ დღეს ამ დარბაზის ეკრანზე გაშვებულ ფილმში და წუთიერად წარსულშიც კი ვიმოგზაურეთ, თითოეული ჩვენგანისთვის ძალზე მძიმეა ამ ყველაფრის გახსენება, მძიმეა ამ დანაშაულებრივი წარსულის გახსენება, ცეცხლის ალში გახვეული ჩვენი ქალაქის გახსენება და იმ ადამიანებს, არცერთ მათგანს, არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას აღარ აქვს უფლება არც ზნეობრივი, არც მორალური და არც სამართლებრივი, რომ კიდევ ერთხელ ჩაიდინოს ეს ბოროტება ახალგაზრდების მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ტერიტორიების მიმართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აღარ დავბრუნდებით წარსულში და ქართულ და ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ თუნდაც მცირე წვლილს მეც შევიტან ამ დიდ საქმეში. დღეს, როგორც არასდროს, ძალიან ახლოს ვართ ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებასთან მხოლოდდამხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, სიყვარულით და თავისუფლებისკენ სწრაფვით.  ამ ყველაფრის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მხარდაჭერა და მითუფრო, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამგვარი თანადგომა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის აქ შეკრებილ საზოგადოებას - ჩვენს პედაგოგებს, სახელოვან სპორტსმენებს, სხვა სფეროების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობა ,,ერთობა მშვიდობისთვის" უკვე აერთიანებს რამდენიმე ათას ადამიანს.

კვირის ამბები