სპორტი
01.10.2024 12:45
ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ერგნეთის სტადიონზე საფეხბურთო ვარჯიშები გაიმართა

პროექტის - „სახალისო საფეხბურთო სკოლების“ ფარგლებში, ერგნეთის სტადიონზე საფეხბურთო ვარჯიშები გაიმართა.

აქტივობაში ერგნეთის, მეღვრეკისის, ტირძნისის, ბროწლეთის, თერგვისის და დიცის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ოლიმპიური ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე რევაზიშვილი ესწრებოდნენ.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მასობრივი ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენი პროექტებით ყოველთვის ხაზს ვუსვამთ. ერგნეთში გამართულ აქტივობაში 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. თითოეული ახალგაზრდის ჩართულობა ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, უფრო მეტი ვაკეთოთ“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ღონისძიება უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ფეხბურთის პოპულარიზაციას და სპორტის აღნიშნულ სახეობაში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად.

კვირის ამბები