„მწვანე კრიალოსანი“ - დაიბეჭდა გორელი პოეტის აკაკი ბიძინაშვილის მორიგი წიგნი, რომელშიც თავმოყრილია ავტორის როგორც ახალი, ისე მკითხველისთვის ნაცნობი ლექსები.
წიგნის გამოცემა პოეტის 88 წლის იუბილეს მიეძღვნა და როგორც წიგნის რედაქტორი თამარ გაბროშვილი წინასიტყვაობაში წერს: „ეს წიგნი კარადაში შესანახი არ არის, იგი დასასვენებლად ყოფნისას, ან შორეული მოგზაურობისას ქართველმა ახალგაზრდამ თან უნდა ატაროს“.
აკაკი ბიძინაშვილი - 88 წლის პოეტი ათამდე წიგნის ავტორია: „ყური დამიგდე“, „ეს ორი ცრემლი“, „შენს თითებზე“, „ირაო“, „მე ახლა ისეთ სიმღერას ვმღერი“, „ლირიკა“, „გორის ციხიდან“, „ბროწეულის ყვავილები“ და სხვ. მისი ლექსები ბულგარულ, რუმინულ, გერმანულ, რუსულ და ოსურ ენებზეა თარგმნილი.
უცხოურიდან არაერთი ლექსი თარგმნა თავად პოეტმაც.
თანამედროვე ავტორის ლექსებზე შექმნილია სიმღერები.
აკაკი ბიძინაშვილი 1936 წლის 25 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში დაიბადა. პოეტს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს აკაკი წერეთლის, გიორგი შატბერაშვილის, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიები, მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის მედალი და ქართული პოეზიის რაინდის წოდება.