ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი და კატა) უფასო ვაქცინაცია, ტრადიციულად, ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.
ვაქცინაცია სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართა.
როგორც „გორის მაცნეს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვეტერინარებმა ამ დღეს გორში, კერძოდ, ჭალის, წმინდაწყლის, კომბინატის, სადგურის და ვერხვების დასახლებებში, კარდაკარის პრინციპით ადგილზე ჩაატარეს იმუნიზაცია და, ჯამში, 250 ძაღლი და 74 კატა აცრეს. ვეტერინარებმა შინაური და მიკედლებული ცხოველები აცრეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც: ქვეშში, ტყვიავსა და ფლავში (28 ძაღლი, 2 კატა).
„ცოფი ადამიანის და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში! მნიშვნელოვანია, ყველა რგოლის ჩართულობით და კოორდინირებული მუშაობით, ერთად გავუმკლავდეთ ცოფთან ბრძოლის პროცესში არსებულ წინაღობებს და მივაღწიოთ საერთო მიზანს - ძაღლებისგან მომდინარე ცოფის ელიმინაცია 2030 წლისთვის“, - განაცხადეს სააგენტოში.
ცნობისთვის, ცოფი ანუ ჰიდროფობია - მწვავე სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო თარიღს 2013 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით უერთდება.