ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, გორმა მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალი - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“, ხელისუფლების და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გახსნეს.
რაც შეეხება ღონისძიებებს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარედ არსებულ სკვერში არაერთი აქტივობა გაიმართა, სადაც განთავსებული იყო არქეოლოგიის და გორის იტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სივრცეები, წარმოდგენილი იყო 3D პრინტერი და რობოტექნიკა, მოეწყო პრეზენტაციები, ინტერაქტიული გამოფენები და ჩატარდება სხვადასხვა სახის პრაქტიკული ექსპერიმენტი.
ფესტივალის განმავლობაში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად მიეღოთ მონაწილეობა იმიტირებულ გათხრებსა და აღმოჩენილი არტეფაქტების გაწმედა-დამუშავებაში, სპეციალურ კალკაზე მონეტების მულაჟებიდან გადაეღოთ ასლები, 3D პრინტერის საშუალებით კი შესაბამისი კონსტრუქციის ნივთი შეექმნათ. ნაჩვენები იყო, ასევე, მცენარეული და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მიღების, მათი ქიმიური ბუნების, ფარმაკოლოგიური ეფექტურობის შესწავლის და ანალიზის მეთოდები, ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნის გზები და პირველადი გადაუდებელი დახმარების ჩატარება სხვადასხვა გადაუდებელ შემთხვევაში.
ღონისძიების ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციაც ჩატარდა.
ფესტივალის დასასრულს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს ანაკლიის და ბაკურიანის საზაფხულო ბანაკებში გამართულ სხვადასხვა აქტივობაში, მადლობის სიგელები გადაეცათ.
ფესტივალს მუსიკალურად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზბენდი „კანუდოსი“ აფორმებდა.
შეგახსნებთ, ფესტივალი საქართველოს რეგიონებში ტარდება. 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. აქტივობები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით იმართება, გორში კი, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.