საზოგადოება
30.09.2024 11:37
„ტურიზმი და მშვიდობა“ - მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ტურისტული მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს, რომელიც უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით თავდაუზოგავად შრომობს. აცნობს მათ ჩვენს ტრადიციებს, კულტურულ საგანძურს და ქვეყნის შესახებ პოზიტიურ შთაბეჭდილებას უქმნის.

ტურიზმი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ, მისი განვითარება გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და შიდა ქართლის ტურისტული კავშირი - „მეგზურის“ ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

მიმდინარე წელს საქართველომ ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით პირველად უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი ეწვია.

კვირის ამბები