სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა, 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები და პატივი მიაგო უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა სულების ხსოვნას.
„დღეს შევიკრიბეთ და პატივს მივაგეთ ჩვენს გმირებს. სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 31 წელი გავიდა, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები და მშობლიური მიწიდან დევნილი უამრავი ადამიანი.
აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მჯერა, რომ მალე დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს და ვიცხოვრებთ ძლიერ საქართველოში“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.
დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 31 წლის წინ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
1992-1993 წელს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.