საზოგადოება
27.09.2024 13:23
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხვალ გორში ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

ხვალ, 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი და კატა) უფასო ვაქცინაციას, ტრადიციულად, ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ვაქცინაცია სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.

„ცოფი ადამიანის და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში! მნიშვნელოვანია, ყველა რგოლის ჩართულობით და კოორდინირებული მუშაობით, ერთად გავუმკლავდეთ ცოფთან ბრძოლის პროცესში არსებულ წინაღობებს და მივაღწიოთ საერთო მიზანს - ძაღლებისგან მომდინარე ცოფის ელიმინაცია 2030 წლისთვის“, - აცხადებენ სააგენტოში.

უფასო ვაქცინაცია 28 სექტემბერს 11:00-16:00 საათებში, შიდა ქართლის მასშტაბით, შემდეგ მისამართებზე ჩატარდება:

გორი - გართობის და დასვენების პარკები: „სტალინის ბაღი“ და „ახალბაღი“;

ქარელი - თამარ მეფის 24 (ლიბერთი ბანკის მოპირდაპირედ);

კასპი - აღმაშენებლის ქ. 80;

ხაშური - ტაბიძის ქ. 2 (გამგეობის შენობის მიმდებარე სკვერი).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები იმოძრავებენ, ასევე, გორში, კერძოდ, ჭალის, წმინდაწყლის, კომბინატის, სადგურის, ვერხვების დასახლებებში და კარდაკარის პრინციპით ადგილზე ჩაატარებენ იმუნიზაციას.

ცნობისთვის, ცოფი ანუ ჰიდროფობია - მწვავე სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო თარიღს 2013 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით უერთდება.

 

კვირის ამბები