საზოგადოება
27.09.2024 13:20
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირველად რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე სწავლა დაიწყო

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირველად რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო.

აკადემიის ინფორმაციით, პროგრამაზე კონკურსის საფუძველზე ქვეყნის მაშტაბით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები და ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხნენ.

„პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად და უმაღლესი განათლების მქონე პირებს მიენიჭებათ „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე პირებს მიენიჭებათ „უმცროსი სერჟანტის“ სამხედრო წოდება. „უმცროსი სერჟანტის“ წოდების მქონე პირებს, პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, 35 წლის ასაკის მიღწევამდე მიენიჭებათ „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და სანივთე ქონებით“, - აცხადებენ თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციაში.

კვირის ამბები