გათბობის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სოფლის განვითარების სააგენტო ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას აგრძელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„პროგრამის მიზანია მოსახლეობის მოთხოვნის სტიმულირება ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მიზნით. პროექტის განხორციელების ამოცანას ასევე წარმოადგენს სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის) ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ენერგოეფექტური ღუმელების ან ალტერნატიული საწვავის საწარმოსთვის ძირითადი საშუალებების შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 1501.