საზოგადოება
26.09.2024 12:48
28 სექტემბრის დღის ბოლომდე, ,,საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, ანუ 28 სექტემბრის დღის ბოლომდე, ,,საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ.

არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, კანონი თანამდებობიდან გადადგომას შემდეგ თანამდებობის პირებს ავალდებულებს: - პრეზიდენტი, მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები; მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე.

თანამდებობებიდან გადადგომისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, რეგისტრაცია გაუქმდება.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია 25-მა პარტიამ გაიარა, საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 26 სექტემბერს ეწურებათ.

კვირის ამბები