საზოგადოება
25.09.2024 10:43
„მეცნიერების ფესტივალი - 2024“-ს გორი 26 სექტემბერს უმასპინძლებს

ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, 26-27 სექტემბერს გორი „მეცნიერების ფესტივალი - 2024“-ს უმასპინძლებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები „ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარედ არსებულ სკვერში 14:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ტერიტორიაზე განთავსდება არქეოლოგიისა და გორის იტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სივრცეები, წარმოდგენილი იქნება 3D პრინტერი და რობოტექნიკა, მოეწყობა პრეზენტაციები, ინტერაქტიული გამოფენები და ჩატარდება სხვადასხვა სახის პრაქტიკული ექსპერიმენტი.

„ფესტივალი საქართველოს რეგიონებში ტარდება. 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. ფესტივალის მიზანი ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია, კვლევების და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობაა.

აქტივობები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

კვირის ამბები