საოკუპაციოს ხაზის პერიმეტრზე მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის ანტონ ფურცელაძის (1839-1914) სახლის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დასრულდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განახლებული სახლი ანტონ ფურცელაძის შთამომავლებთან ერთად მოინახულა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. საცხოვრებელი სახლის ორსართულიან ნაგებობას, რომელიც ნახევრად განადგურებული იყო, კონსერვაცია-რესტავრაცია და სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით ჩაუტარდა.
რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, რესტავრაციის პროცესში პირველ ეტაპზე ჩატარდა სადემონტაჟო სამუშაოები. რესტავრაციისას ფასადებსა და ინტერიერში შემორჩენილი ავთენტიკური ფორმები მაქსიმალურად შენარჩუნდა. ორნამენტები აღდგა შაბლონების მიხედვით; ახალი კარ-ფანჯარა დამზადდა მყარი ჯიშის ხისგან; სრულად რესტავრირდა აივანი; შენობის სამღებრო სამუშაოებისთვის შესაბამისი ფერი შეირჩა რესტავრაციის პროექტის ავტორის მონაწილეობით; აღდგა კიბის უჯრედი; რესტავრირდა ეზოში შესასვლელი ჭიშკარი და მოეწყო ახალი ღობე; მოწესრიგდა ეზოს ტერიტორია და რესტავრაცია ჩაუტარდა ეზოში პატარა აუზს; ამასთანავე, აღდგა შესაბამისი წყალგაყვანილობის სისტემა; სრულად განახლდა ისტორიული მარანი, სარდაფში დაიგო ძველი ქართული აგური და აღდგა კედლები.
არქიტექტურულ-კონსტრუქციულ სამუშაოებთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული გეგმის მიხედვით შენობის სარეაბილიტაციო მონაკვეთებში მოეწყო ელექტრომომარაგების სისტემა, ასევე - წყალ-კანალიზაციის ქსელი და გათბობის სისტემა.
„სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „მშენებელმა“ შეასრულა. ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო 1 342 158,23 ლარი.
ძეგლი ნახევრად განადგურებული იყო, მთლიანად მორღვეული ჰქონდა ჩრდილოეთი მხარის აივანი, რომელიც შენობას მთელ სიგრძეზე გასდევდა. შემორჩენილი ჰქონდა მხოლოდ ერთი - ჩრდილოეთის კედელი და მიწაში სრულად ჩაფლული მარანი.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ იგეგმება საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის მინიჭება, რის შედეგად ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ მრავალფეროვანი განათლება“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
შეგახსენებთ, ანტონ ფურცელაძე ლომოურების სიძე იყო, ამიტომაც მისი სახლი 1898 წლიდან დგას სოფელ არბოში. XX საუკუნის 60-იან წლებში აქ რვაკლასიანი სკოლა იყო.
შენობას 11 წლის წინ, 2013 წლის 12 მარტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.