საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ მეჯვრისხევში მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი სრულად განახლებულ საჯარო სკოლაში დაიწყეს.
ახლად რეაბილიტირებული შენობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა.
„საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი ფუნქციონირებს. მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, დამატებითი სასწავლო ფართის მშენებლობას და სკოლის საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვას ითვალისწინებდა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.