საზოგადოება
19.09.2024 13:51
მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ ცხადდება

კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების და დეზინფორმაციასთან გამკლავების წახალისების მიზნით, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ აცხადებს.

ოლიმპიადა UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ტარდება და ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ოლიმპიადაში სკოლის სახელით მონაწილეობა შეუძლიათ I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელსაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებს. გუნდებში მოსწავლეების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, თუმცა, სავალდებულოა, რომ ერთმა გუნდმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი წარადგინოს.

„გუნდებმა ბლოგის, ესსეს, სტატიის, ვიდეოს, პოდკასტის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა უპასუხონ შეკითხვას „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“ და ნამუშევარი 16 ოქტომბრამდე კომუნიკაციების კომისიაში გამოაგზავნონ. „მედიაწიგნიერების ოლიმპიადის“ ფარგლებში მიღებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე კრეატიული და ინფორმაციული ნაშრომის მქონე ორ გამარჯვებულს გამოავლენს. კომუნიკაციების კომისია კი გამარჯვებული გუნდების სკოლებს თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს და ისეთ მაღალტექნოლოგიურ პრიზებს გადასცემს, როგორებიცაა ლეპტოპი, ინტერაქციული დაფა, მიკროფონი, ლედ განათება, მობილურის შტატივი და ბანერი.

ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (mediatsigniereba. ge) განთავსდება, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლია კომუნიკაციების კომისიის/მედიაწიგნიერების პლატფორმის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერების და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კვირის ამბები