საზოგადოება
19.09.2024 10:49
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდება - რას გულისხმობს სიახლე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეიბის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები სათბურის გაზების ემისიების ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის დანერგვას გულისხმობს. კონკრეტული სამრეწველო და საავიაციო საქმიანობებისთვის სავალდებულო გახდება სათბურის გაზების გაფრქვევის ავტორიზაციის მიღება, რომელიც მონიტორინგის გეგმის მომზადებას და ავტორიზაციის გამცემი ორგანოსთვის წარდგენას მოიცავს.

„სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის (MRV) მოთხოვნები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ სათბურის გაზების გაფრქვევებზე გავრცელდება. რეგულაციის დანერგვა ეროვნულ მარეგულირებელს ქვეყნის კლიმატის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების ადეკვატურობის შეფასების შესაძლებლობას მისცემს.

სათბური გაზების გაფრქვევის ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გარეშე 1000 ლარით, ხოლო განმეორებით 2000 ლარით დაჯარიმებას, დადგენილი ფორმითა და ვადებში ანგარიშის წარუდგენლობა თავდაპირველად გაფრთხილებას, განმეორებით - 1000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო სათბურის გაზების გაფრქვევის მონიტორინგის ვალდებულების დარღვევა 800 ლარით, განმეორებით კი 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონში ცვლილებების შეტანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ნაწილია. ის პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის სათბურის გაზების ემისიებით ვაჭრობის სისტემას (ETS) და ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმს (CBAM)“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.

კვირის ამბები