ტურიზმი
19.09.2024 10:48
ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით, გორში შიდა საინფორმაციო ტური გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით, გორში შიდა საინფორმაციო ტური გაიმართა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივით ჩატარდა.

შეხვედრაში სასტუმროების, ღვინის მარნების, კვების ობიექტების მფლობელები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, მონაწილეები სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ტატულაშვილების კერამიკის სახელოსნო მუზეუმებს, ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეას და საპნის სახლს სტუმრობდნენ. დაცული ექსპონატები დაათვალიერეს და სხვადასხვა მასტერკლასს დაესწრნენ.

„ღონისძიების მიზანს ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. გორში ჩამოსულმა ტურისტებმა კარგად იციან უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული და იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმების არსებობა, მაგრამ მათ სხვა ტურისტული ლოკაციების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი გვაქვს საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიებისთვის საინფორმაციო ტურების მოწყობაც“, - აღნიშნა განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ.

კვირის ამბები