საზოგადოება
16.03.2020 15:22
გორში კვების ობიექტების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებსა და ბარებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია მიეცათ.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კაფე-ბარებსა და რესტორნებს მიეცეთ რეკომენდაცია, შეზღუდონ მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

გორში მდებარე რესტორნებისა და კაფე-ბარების ნაწილმა უკვე შეწყვიტა მუშაობა.

ასეთ ობიექტებს შორის, ერთ-ერთი „არტ კაფე“-ა, რომელმაც ამ რეკომენდაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტა მუშაობა. მისი დამფუძნებლის, მეგი ბიბილურის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აუცილებელია თითოეული ადამიანის ჩართულობა, ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღება. სწორედ ამას ემსახურება საკუთარი კაფის დახურვა.

„კაფე-22“-ის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული კვების ობიექტი მომხმარებლებს ადგილზე აღარ მოემსახურება, თუმცა მათ ნებისმიერი პროდუქტის სახლში მიტანის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.

რამდენიმე დღის წინ, მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო რესტორანმა „თევზის სახლი“. მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, რესტორანმა მუშობა აპრილამდე შეაჩერა.

ჯერჯერობით, გორის ტერიტორიაზე მოქმედი კვების სხვა ობიექტების მიერ მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.

კვირის ამბები