საზოგადოება
17.09.2024 15:59
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის კიდევ ერთი სერტიფიკატი მიიღო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის კიდევ ერთი სერტიფიკატი მიიღო, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააგენტო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეფექტიანად იცავს ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და პერსონალურ მონაცემებს და მუდმივად აუმჯობესებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებს.

„ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა ევროკავშირში რეგისტრირებულმა მასერტიფიცირებელმა ორგანომ, რომელიც საერთაშორისო სააკრედიტაციო ფორუმის (IAF) და ევროპის აკრედიტაციის ასოციაციის (EA) წევრია.

სერტიფიცირების ფარგლები მოიცავს სააგენტოს სანდო და კვალიფიციურ სანდო მომსახურებას და მომსახურების ფარგლებში თანმდევ/მხარდამჭერ პროცესებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, სააგენტომ 2023-2024 წლებში, ასევე, წარმატებით გაიარა ელექტრონული ტრანზაქციებისთვის ელექტრონული იდენტიფიკაციის და სანდო მომსახურების შესახებ ევროკავშირის (eIDAS) რეგულაციასთან და ევროპული ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებთან შესაბამისობის საზედამხედველო აუდიტი, რითაც გახდა რეგიონში ერთადერთი უწყება, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.

კვირის ამბები