საზოგადოება
17.09.2024 11:40
შიდა ქართლში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ამოქმედდება, რომლის სამშენებლო ბიუჯეტმა 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახლადაშენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაათვალიერა.

კოლეჯის განახლებულ ინფრასტრუქტურას, მინისტრთან ერთად, ხაშურის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა და პროექტის ღირებულებამ 10 მლნ 200 ათასი ლარი შეადგინა.

კოლეჯში მოეწყო თანამედროვე ადმინისტრაციული საქმიანობის სივრცეები და სასწავლო აუდიტორიები, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით და ტექნიკით აღჭურვილი სახელოსნოები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, რეკრეაციული შიდა და გარე ზონები. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

„მასშტაბური პროექტის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შედეგად, ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები 2024 სასწავლო წელს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში შეხვდებიან.

კოლეჯის სივრცეში განხორციელდება შიდა ქართლის რეგიონის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორებიცაა: ელექტრობა, შედუღება, სანტექნიკური სამუშაოები, გათბობა-კონდიცირების სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტოტრანსპორტის სერვისი და სხვა“, - აცხადებენ კოლეჯის ადმინისტრაციაში.

 

კვირის ამბები