გორელი პოეტი, პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი გიორგი ხორბალაძე ლიტერატურული პრემია „საგურამოს" ლაურეატია
თანამედროვე ავტორმა ლაურეატის წოდება ნომინაციაში - კრიტიკა დაიმსახურა.
„საოცარი სიურპრიზი იყო ჩემთვის. როდესაც გორში დამირეკეს და მითხრეს, რომ საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება და მე მომენიჭა ილიას სახელობის პრემია კრიტიკის დარგში. ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ილიასადმი და ისიც იციან, როგორ მიყვარს მისი მუზეუმიც, სადაც საათობით შემიძლია ვიყო და იმის წარმოდგენით, რომ იქ ჩემი და ჩვენი ილია დააბიჯებდა ხოლმე, უდიდესი ემოციით ავივსო. ეს ადგილი ყოველთვის საოცრად საკრალური იყო ჩემთვის და რა ძვირფასია განცდა რომ აქ დავჯილდოებულვარ. არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება, ჩემთვის ისიც კი დიდი სიხარულია, უძვირფასესი ადამიანები სადმე, თბილისში, საგურამოში თუ ნებისმიერ ადგილზე რომ შეიკრიბებიან და კეთილად გამიხსენებენ და მით უმეტეს ჩემს ლიტერატურათმცოდნეობით მოღვაწეობას ჯილდოს ღირსად თუ ჩათვლიან, ეს ხომ სიხარულიცაა და ბევრად მეტიც. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ასე დამაფასა“, - აღნიშნა ხორბალაძემ.
ყოვეწლიური ლიტერატურული პრემია „საგურამო” 2003 წლის 8 ნოემბერს „ილიას ფონდისა” და შპს „კალასის” თაოსნობით დაარსდა.
პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: პოეზია, პროზა, თარგმანი, კრიტიკა, ხელოვნება, საბავშვო ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
რაც შეეხება დაჯილდოების ცერემონიას, 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ჩატარდება.