საზოგადოება
16.03.2020 15:20
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა გარკვეულ კატეგორიაზე პროდუქტების გაცემას გეგმავს
 
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მიმდინარე არდადეგების პერიოდში, ბაგა-ბაღებში გამოსაყენებელი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემას გეგმავს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა, თუმცა, გვიდასტურებს იმ ფაქტს, რომ პროდუქტები სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებზე გაიცემა,
„გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 6000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა, პროდუქტების შეკვეთისას არა სიას, არამედ ბავშვთა დასწრების მაჩვენებელს ვითვალისწინებთ. იქიდან გამომდინარე, რომ არდადეგების გამოცხადებამდეც თავისუფალი დასწრების რეჟიმი გვქონდა ბაღებში და კარგად მოგეხსენებათ, არც ისე მაღალი იყო დასწრება, შესაბამისად, არც პროდუქტები გვქონდა დიდი რაოდენობით შეძენილი. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მარაგში არსებული არცერთი პროდუქტი არ გაფუჭდება და მათ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს გადავცემთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ის მარაგი, რომ ყველა აღსაზრდელზე გაიცეს, ამიტომაც, ამ წუთებში მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება და ახლო მომავალში გვეცოდინება, რამდენ აღსაზრდელზე და რა ფორმით გაიცემა პროდუქტი“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა, ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეთავაზების შესახებ, თბილისის მერმა გუშინ გააკეთა განცხადება. კახი კალაძის თქმით, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, მშობლები ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას შეძლებენ.
კვირის ამბები