2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი გორელ პედაგოგებს - გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ვერა სომხიშვილს და გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს ნანა წიწუაშვილს გადაეცათ.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელს, საქართველოს მასშტაბით, 10 ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას, პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს.
რაც შეეხება ეროვნული პრემიის მფლობელებს, მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით დაიმსახურეს: თამარ ადამიამ (თბილისის 28-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი), ივანე გოქაძემ (ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი), ეკა სეფიაშვილმა (დედოფლისწყაროს პირველი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი), ნანი კირკიტაძემ (ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი), მამუკა კუჭავას (სენაკის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი), ეკატერინე გურგენაშვილს (თელავის მე-4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი), ანა ანუშიძეს (ბათუმის მეორე სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი) და ზურაბ ინასარიძეს (ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი).
„აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 2000-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეირჩა მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების თუ თემის განვითარებაში. ამის შემდგომ 10 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით“, - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემია დაწესდა. შესაბამისად, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.