საზოგადოება
16.09.2024 11:38
საქართველოს სკოლებში 2024-2025 სასწავლო წელი განახლდა

საქართველოს სკოლებში 2024-2025 სასწავლო წელი დღეს განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა.

გიორგი ამილახვარმა თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ უწყების უმთავრესი საზრუნავი ბავშვებისთვის თანაბრადხელმისაწვდომი, ჯანსაღი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაა.

„დღეს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

ვულოცავ ყველას - მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს საკლასო ოთახებში.

ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავია, ბავშვებისთვის უზრუნველვყოთ თანაბრადხელმისაწვდომი, ჯანსაღი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. ამ მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ეს დღე ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა, გადავუხადო მათ მრავალწლიანი დაუღალავი შრომის და თავდადებისთვის.

მადლობა ჩვენს ძვირფას მშობლებს - სკოლებში სასწავლო პროცესის გამართულად, ხარისხიანად წარმართვის საქმეში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით. სწორედ თქვენი ხელშეწყობით ხდება შესაძლებელი სხვადასხვა სიახლისა და ინოვაციური მიდგომის დანერგვა სკოლებში, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი სკოლებში. ამ კუთხით, წელს ჩვენ არაერთ სიახლეს ვთავაზობთ საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს თვითრეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შევუქმნათ.

მჯერა ჩვენი შვილების უსაზღვრო შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა სკოლაში მიღებულ ცოდნას ისევ სამშობლოს კეთილდღეობასა და განვითარებას მოახმარს“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კვირის ამბები