საზოგადოება
16.03.2020 16:14
როდის იწურება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა - გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება
2020 წლის 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, აპლიკანტებს, ასევე, აღარ ექნებათ უფლება, შეცვლონ სარეგისტრაციო განაცხადში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობაც (ქალაქი) - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გამოცდების ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს, გაავრცელოს ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების შესახებ. თითოეულ აბიტურიენტს მოვუწოდებთ, 30 მარტს, 18:00 საათამდე გაიარონ პირველადი რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი აღარ მიიღება. რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე გაქვთ უფლება შეცვალოთ (წაშალოთ, დაამატოთ) ჩასაბარებელი საგანი და საგამოცდო ენა ან მოახდინოთ კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია კი, მოგვიანებით, ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება,“ - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზემოხსენებული უწყება აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
კვირის ამბები