ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მიღწეულ წარმატებაში მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლის დაფასება უმნიშვნელოვანესია.
„ოლიმპიური თამაშების მსგავსად, პარალიმპიურ ჩემპიონს სახელმწიფოსგან 1 000 000 ლარი, ვერცხლისმედალოსნებს 500 000 ლარი, ბრინჯაოსმედალოსნებს კი 250 000 ლარი გადაეცემათ. ყველა ის პარასპორტსმენი კი რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია.ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ 4 400 პარასპორტსმენს შორის საქართველო ექვს სახეობაში 14 მონაწილით იყო წარდგენილი და 9 მედალი მოიპოვა.