ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ინიციატივით, გორში სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა.
აქტივობაში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ პარასპორტსმენებთან (ვახტანგ ახობაძე, ლევან მახათაძე, ირმა ზვერიაშვილი, ნინო საბაშვილი, გიორგი სვინტრაძე) ერთად, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ტიტულოვანი სპორტსმენები (გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გურული, ზვიად ხაჩიძე.), ომის ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ონკოსაზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მშვილდოსნობაში ინტეგირირებული შეჯიბრი ჩატარდა.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრის მონაწილეებს მედლები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელ გამარჯვებულებს და პრიზიორებს „აჭარაბეთისგან“ ფულადი პრიზები გადაეცათ.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ჭიდაობის ფედერაციის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიება სოციალური პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში გაიმართა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
სპორტულ-კულტურული აქტივობა სასტუმრო „გორი ინნ“-ში ჩატარდა.