გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ინტენსიურ ბაღი დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები კვარხეთში ხილის გადამმუშავებელ საწარმოშიც - „ბიოჯუსი“ იმყოფებოდნენ და არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სოფელ კვარხეთში, ფერმერმა ტარიელ მუნჯიშვილმა სახელმწიფოს პროგრამების ფარგლებში, 3 ჰა-ზე ვაშლის ბაღი გააშენა, რისთვისაც სახელმწიფოსგან გრანტის სახით 30 000 ლარი მიიღო. ფერმერი წელს მისი ბაღიდან 60 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება.
რაც შეეხება კომპანია „ბიოჯუსს“, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული. ხილის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს დახმარებით სარგებლობს და პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში მიღებული აქვს 9 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხი. კომპანიას დღიურად 150 ტონა ვაშლის მიღება-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, საწარმოში სეზონურად 30 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებიდან მიღებული კონცენტრატის ექსპორტს გერმანიაში ახორციელებს.
შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.