სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს განიხილავენ.
ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
,,მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკუთარ ოჯახებში დროულ დაბრუნებაზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი. შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში, რა დროსაც გავლებულ იქნა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და აღმართულ იქნა მეტალის ბოძები, რომლებზეც შემდგომ ხდება მავთულხლართის გავლება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.