საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, თანამედროვე დანადგარებით და უახლესი სტანდარტების ტექნიკით აღჭურვილი ფერმა დაათვალიერა,
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა და დედათა მონასტრის წინამძღვარმა სქემ-მონაზონმა ვალერია სხილაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაძრის მშენებლობის შესახებ ესაუბრნენ.
მთავრობის მეთაური ქართულ ჭიდაობაში გამართული ტურნირის ფინალურ შეხვედრებსაც დაესწრო. შეჯიბრის გამარჯვებულებს და პრიზიორებს წარმატება მიულოცა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სპორტში მიღწეული არაერთი წარმატება ქვეყნის ისტორიული ტრადიციების დამსახურებაა.
„ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ამ კუთხითაც ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მივულოცო ყველა ჩემპიონს, გამარჯვებულს, პრიზიორს და მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელებას ხელს უწყობენ. მადლობა სლავა შერაზადიშვილს, რომელიც იყო ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, ქართული ჭიდაობის ფედერაციას, ყველას, ვინც ამ საქმეს უძღვება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.