გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ვაშლის მოსავლის აღების პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს. შტაბი, რომელიც გავხსენით, ამ პროცესს წარმართავს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე. საწარმოები, რომლებიც ამ ნედლეულისგან აწარმოებენ პროდუქციას - ვაშლის კონცენტრატს, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი ხორციელდება ჩვენს სტრატეგიულ ბაზარზე - ევროკავშირში. სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული ვაშლის ბაღების რაოდენობა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ მოვუწოდებთ ფერმერებს, გამოიყენონ შემოთავაზებები სახელმწიფო პროგრამების სახით, რითაც გააუმჯობესებენ ხარისხს და გაზრდიან მოსავლიანობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
შეგახსენებთ, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი საბრუნავი საშუალებებისთვის ამოქმედდა.