საზოგადოება
16.03.2020 13:13
რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და გამოცხადების შემთხვევაში, რა სავალდებულო წესების დამორჩილება მოუწევთ მოქალაქეებს

ახალი კორონავირუსის პრევენციის გზებზე საუბრისას, საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

საინტერესოა,  რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა.

საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მასობრივი არეულობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ეპიდემია ან სხვა მრავალი შემთხვევა, რომლის დროსაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით.

საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლიათ განახორციელონ ისეთი  ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავენ ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებს. მაგალითად, შესაძლებელია  საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი, შეზღუდონ მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე,  დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაფერი, რაც ახლა სარეკომენდაციო ხასიათისაა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, სავალდებულოდ შესასრულებელ წესად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის. 

კვირის ამბები