საზოგადოება
09.09.2024 15:07
ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ღონისძიების მიზანი საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

„ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი, ასევე, თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს - რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.

იმიტირებული კენჭისყრის პროცესი 11 სექტემბერს 11:00 საათიდან დაიწყება და  18:00 საათამდე გაგრძელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩეველს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ  საარჩევნო ტექნოლოგიებს“, - აცხადებენ ცესკოში.

შეგახსენებთ, საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად, პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

{უბნები გორის მუნიციპალიტეტში, სადაც იმიტირებული არჩევნები გაიმართება}

კვირის ამბები